1.სერტიფიკატი არის კანონით განსაზღვრული პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზნის დამადასტურებელი, საბოლოო მომხმარებელი ქვეყნის და მომხმარებლის აღმნიშვნელი დოკუმენტი.
2.პროდუქციის საქართველოში იმპორტის დროს, სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილ პირებს საქართველოში წარმოადგენენ: ა) პროდუქციის საბოლოო მომხმარებელი სამთავრობო დაწესებულება; ბ) იმპორტიორი, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
3.ექსპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ სერტიფიკატს ამოწმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო პროდუქციის შემთხვევაში.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის დამოწმების წინაპირობას წარმოადგენს კომისიის დადებითი რეკომენდაცია.
5.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები უფლებამოსილი არიან გასცენ ან/და დაამოწმონ ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატის ფორმა, თუ სერტიფიკატი შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.
6.საქართველოდან ექსპორტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს: ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა; ან ბ) იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატის ფორმა (რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას), თუ იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობა მხოლოდ ასეთი ფორმის სერტიფიკატს ითვალისწინებს.
7.სერტიფიკატის დამოწმების დროს სერტიფიკატზე უნდა დაისვას სერტიფიკატის დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა და დამოწმების თარიღი.
8.ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის ასლი გადაეცემა კომისიას, თუ სამთავრობო დაწესებულება იმავდროულად არ არის იმპორტიორი.
9.სერტიფიკატის დამოწმება არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ დაპირებას ან ვალდებულების აღებას მესამე პირის წინაშე. სერტიფიკატის დამოწმებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ გაეცნო სერტიფიკატში არსებულ ჩანაწერებს.
