Article 105. საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებები
1. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია: ა) არ დაუშვას საბაჟო საწყობში შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაადგილება საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად; ბ) გაატაროს ის ღონისძიებები, რომლებიც გათვალისწინებულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით; გ) აწარმოოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა და განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში საბაჟო ორგანოს წარუდგენს ანგარიშს აღნიშნულ პერიოდში საბაჟო საწყობში წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე; დ) უზრუნველყოს საქონლის დაცვა და ხელი შეუწყოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, რისთვისაც საბაჟო ორგანოს საბაჟო საწყობში უსასყიდლოდ უნდა გამოუყოს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები; ე) განახორციელოს საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა საბაჟო საწყობის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში; ვ) გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანის ან საქონლის დაკარგვის შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის განადგურება ან დანაკლისი გამოწვეულია ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
