1.იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში იმპორტის გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისაგან განსხვავებულად მოხმარების ან გამოყენების დროს. თუ საქონელი დაიკარგა, საქონლის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის დაკარგვის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევებში საქონელი ჩაითვლება თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისაგან განსხვავებულად მოხმარებულად ან გამოყენებულად.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში დაიწყება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისაგან განსხვავებულად საქონლის მოხმარება ან გამოყენება.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით ვალდებული პირი არის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელმაც მოიხმარა ან გამოიყენა საქონელი.
