1.საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა გულისხმობს საბაჟო ორგანოში კონკრეტული პერიოდისათვის ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის აღრიცხვას. დარიცხვა მოიცავს შესწორებით დარიცხვასა და სავარაუდო დარიცხვას. ამასთანავე, შესწორებითი დარიცხვის შემთხვევაში უქმდება სავარაუდო დარიცხვა.
2.საბაჟო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს თითოეული ვალდებული პირის კუთვნილი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ერთი ან ერთზე მეტი ინფორმაციის საფუძველზე: ა) ვალდებული პირის საბაჟო დეკლარაცია; ბ) შემოწმების მასალები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ცნობილია საბაჟო ორგანოსათვის.
3.თუ დეკლარანტი არ წარმოადგენს საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაარიცხოს მას საბაჟო გადასახდელები ან/და საბაჟო სანქციის თანხა მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე და გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება.
4.თუ საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის გადახდა საბაჟო დეკლარაციის წარდგენასთან ერთად, აგრეთვე თუ საბაჟო ორგანო დაასკვნის, რომ ადრინდელი დარიცხვა შეცდომით განხორციელდა, საბაჟო ორგანომ საბაჟო გადასახდელები ან/და საბაჟო სანქციის თანხა უნდა დაარიცხოს ვალდებულ პირს და გაუგზავნოს მას შეტყობინება.




