Article 53^4. აქციათა სავალდებულო მიყიდვა
1. თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის – „მყიდველს“) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები.
2. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებით.
3. მყიდველი სასამართლოსადმი მიმართვამდე არა უგვიანეს 1 თვისა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამოსყიდვის მიზეზების, პირობებისა და პროცედურების შესახებ.
4. რეესტრის მწარმოებელი პირი (ამ მუხლის მიზნებისათვის – „რეგისტრატორი“) სასამართლოს მიერ დადგენილ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღამდე არაუგვიანეს 5 დღისა აქციათა ყველა რეგისტრირებულ მფლობელს, რომელთა ვინაობა და ადგილსამყოფელი ცნობილია, აწვდის ინფორმაციას აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების, გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღისა და ძირითადი პროცედურების თაობაზე (თუ ისინი ცნობილია), ხოლო აქციათა რეგისტრირებული მფლობელებისათვის, რომელთა ვინაობა ან/და ადგილსამყოფელი უცნობია, აღნიშნულ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღიდან აქციათა გამოსყიდვის პროცედურების დასრულებამდე წყდება ამ აქციებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისა. რეგისტრატორი გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით ადგენს გამოსყიდვის რეესტრს, რომელიც არის აქციათა ყველა რეგისტრირებული მფლობელის სია, მათი ვინაობის, მისამართისა და მათ მფლობელობაში არსებული აქციების რაოდენობის მითითებით, თუ ეს შესაძლებელია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აქციის რეგისტრირებული მფლობელის ვინაობის ან/და მისამართის დაზუსტება შეუძლებელია, რეგისტრატორი გამოსყიდვის რეესტრში შესაბამის ჩანაწერს (კომენტარს) აკეთებს. მყიდველის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განხორციელებულ ქმედებათა დამადასტურებელი დოკუმენტების (მათ შორის, გამოსასყიდი თანხის სრულად დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტის) წარმოდგენის საფუძველზე რეგისტრატორი ყველა აქციას მყიდველის სახელზე გადააფორმებს. აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებულ რეგისტრატორის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას უვადოდ განათავსებს დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ბანკში, ცენტრალურ დეპოზიტართან ან საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც მყიდველი გადასცემს გამოსყიდვის რეესტრს, რომლის მიხედვითაც მოხდება აღნიშნული სპეციალური ანგარიშიდან თანხების გაცემა მყიდველისგან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის წესები არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5285 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.326 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი № 4791 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
მეწარმეთა შესახებ
