არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Article 23. არასრულწლოვანი მოწმის ინტერესების დასაცავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პირები
1. მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლის, ხოლო გამოძიების სტადიაზე − ბრალდების მხარის ინიციატივით, უზრუნველყოფილია საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობაც. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
2. სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალდების არსი; ბ) იცოდეს არასრულწლოვან მოწმესა და ბრალდებულს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ; გ) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება.
