მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ
Article 1. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აბონენტი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) – მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიის მფლობელთან (ლიცენზიატთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების გაწევის თაობაზე; ბ) მაღალმთიანი რეგიონი – მაღალმთიანი დასახლება; გ) მაღალმთიანი დასახლება – საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასახლება, რომელიც შეტანილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში; დ) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ე) მთის განვითარების ეროვნული საბჭო (შემდგომ – საბჭო) – მაღალმთიანი დასახლებების განვითარების, შესაბამისი სამინისტროების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პოლიტიკის შემუშავების მიზნით, ამ კანონის საფუძველზე შექმნილი კოლეგიური სათათბირო ორგანო; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი – მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი; ზ) ფაქტობრივად ცხოვრება – ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტების ერთობლიობით; თ) სამედიცინო პერსონალი – მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, ამ კანონით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი, ექთანი; ი) კალენდარული წელი – 12 უწყვეტი კალენდარული თვე. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3035 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №355 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3841 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
