საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 183. სარჩელის (განცხადების) რეგისტრაცია
სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. სარჩელი (განცხადება) არ რეგისტრირდება, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მოთხოვნებს: ა) არ არის შეტანილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით; ბ) მის ფორმაში არ არის აღნიშნული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“, „მ“ ან/და „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტები; გ) არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შუამდგომლობების გრაფაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა); დ) არ ერთვის თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი; ე) არ ერთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს; ვ) არ არის ხელმოწერილი; ზ) არ არის წარდგენილი სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
