1.საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, რომელიც უნდა შეიცავდეს პასუხებს შემდეგ კითხვებზე: ეთანხმება თუ არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს; თუ არ ეთანხმება, რა გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი; ხომ არ აპირებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის შემოტანას, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენას და, თუ აპირებს, რა მიზეზით არ წარმოადგინა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას; სურს თუ არა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს სააპელაციო სასამართლო მიიღებს ამ კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2.მომხსენებელ მოსამართლეს შეუძლია შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა საპროცესო მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქმის სწრაფად და სწორად განხილვას. მას შეუძლია აგრეთვე დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ამ კოდექსის 205-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო მოსამართლე იღებს ზომებს საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.




