1.ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემად მიიჩნევა აგრეთვე გრანტის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება. 1 1 . უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან/და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესები.
2.გრანტის გამცემმა (დონორმა), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა გრანტის მიმღებმა, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირმა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებს, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.
3.ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“ („Erasmus+“) ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ („Creative Europe“) ფარგლებში გაცემულ გრანტებზე, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე, აგრეთვე „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისთვის და ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე.
4.იმ სახსრების ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემა/გაცემა ან/და მიღება, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გადაცემულია/გაცემულია ან/და მიღებულია ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი წესი და ამ კანონის 6 1 და 6 2 მუხლების მოქმედება.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან/ორგანოსთან შეთანხმების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

