„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 13
1. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია დაუყოვნებლივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნისთანავე უნდა შეწყდეს. შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი, რომ, თუ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა მასობრივი დარღვევა უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ შეწყდება, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. ამ გაფრთხილების მიღებისთანავე ორგანიზატორი ვალდებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრისკენ მოუწოდოს და განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება.
3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის ან/და ამ კანონის 11 1 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი, რომ, თუ მასობრივად გადაკეტილი ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნება, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. ამ გაფრთხილების მიღებისთანავე ორგანიზატორი ვალდებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დარღვევის აღმოფხვრისკენ მოუწოდოს და განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა გაიხსნას ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი. ამასთანავე, სათანადო გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს მისი დემონტაჟი.
