1.განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მსჯავრდებულის იმ უფლებათა სასამართლო დაცვა, რომლებიც დაკავშირებულია განაჩენის აღსასრულებლად მიქცევასა და აღსრულებასთან.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და მოსამართლის დადგენილება, რომლის გასაჩივრება არ დაიშვება, კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება დაუყოვნებლივ, მისი გამოტანის შემდეგ.
3.მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართოს განაჩენის დამდგენ სასამართლოს განცხადებით: განაჩენის აღსრულების გადავადების, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის ასაკის ან გადავადების დროის გასვლის მიზეზით სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების, პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის პირობების შეცვლისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტის შესახებ.
4.განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების სასამართლო განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში და მისცეს ჩვენება, წარმოადგინოს მტკიცებულება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გაეცნოს საქმის ყველა მასალას, შეიტანოს საჩივრები სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო.
5.მსჯავრდებულს შეუძლია თავისი უფლებები განახორციელოს პირადად ან დამცველის დახმარებით. დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა, თუ სასამართლო განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც არასრულწლოვანია, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ანდა არ იცის სამართალწარმოების ენა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115





