„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 18. საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების შემოსვლის წესი
1. უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემის შემოსვლა საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, რის აღსაკვეთადაც საქართველო მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრულ ზომებს.
2. უცხო სახელმწიფოს არასამხედრო და სამხედრო გემები საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შეიძლება შემოვიდნენ, თუ პორტები ღიაა ასეთი გემების შემოსვლისათვის. ღია პორტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სანაოსნო საშუალებათა შემოსვლის, ყოფნის, სატვირთო და სამგზავრო ოპერაციების ჩატარების, ნაპირთან კავშირის, ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე ჩამოსვლის და სხვა წესები დგინდება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.
3. უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს პორტებსა და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წინაშე შემოსვლამდე არა უგვიანეს 14 დღისა. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, ბორტზე მყოფ მგზავრთა სია და სხვა მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო თავის გადაწყვეტილებას აცნობებს გემის მფლობელს (მის წარმომადგენელს) შემოსვლამდე არა უგვიანეს 7 დღისა. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც ახორციელებენ სამაშველო ან ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოებს.
