Article 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შეგროვების სისტემა – ნარჩენების შეგროვების სისტემის სხვადასხვა მახასიათებლები, მათ შორის კონტეინერების ტიპი და განლაგება, ნარჩენების შემგროვებელი ავტომანქანების ტიპი და მარშრუტები, შემგროვებელი ტექნიკის შეკეთება და პრევენციის ღონისძიებები, ასევე შეგროვების სისტემასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა; ბ) საერთო სარგებლობის კონტეინერები – მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისთვის განკუთვნილი კონტეინერები, რომლებიც განლაგებულია ქუჩებში მოსახლეობის საერთო სარგებლობისათვის ან/და რამოდენიმე ოჯახის საერთო სარგებლობისთვის; გ) საექსპლუატაციო პერიოდი – დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სატრანსპორტო საშუალება განიცდის ცვეთას; დ) იზოლირებული დასახლება – დასახლება, საიდანაც უახლოესი ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომლის მოსახლეობის სიმჭიდროვე სულ მცირე 1 კვადრატულ კმ-ზე 250 მოსახლეს შეადგენს, სულ მცირე 50 კმ–ით დაშორებულია ან რომლიდანაც საგზაო მიმოსვლა ქალაქის კატეგორიის დასახლებამდე წელიწადის უმეტეს დროს გართულებულია რელიეფისა ან/და მეტეოროლოგიური პირობების გამო; ე) ნაგავსაყრელის ოპერატორი - ნაგავსაყრელის მართვაზე პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ნაგავსაყრელის სასიცოცხლო ციკლის ცალკეულ ეტაპებზე - მისი მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის ეტაპებზე ნაგავსაყრელის ოპერატორი შეიძლება იყოს სხვადასხვა პირი; ვ) ნარჩენების დამუშავების ხარისხი - მდგომარეობა, როდესაც გარკვეული სასარგებლო მიზნით ნარჩენების დამუშავების შედეგად შეიცვლება ნარჩენების ფიზიკური, ქიმიური და ბიოდეგრადაციის მახასიათებლები; ზ) შეგროვების პუნქტი – ადგილი, სადაც ნარჩენების წარმომქმნელის მიერ განთავსდება ნარჩენები შემგროვებელის მიერ მისი გატანის მიზნით; თ) მომსახურების დაფარვის ზონა - ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიწოდების ზონის გეოგრაფიული არეალი, ასევე ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიმღები მოსახლეობის ნაწილი (გამოსახული მთლიანი მოსახლეობის პროცენტული წილიდან); ი) ქუჩის დასუფთავების ნარჩენები - ქუჩისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაგვისა და დასუფთავების, ასევე მუნიციპალიტეტის საწრეტი არხების დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები; კ) ნარჩენების შემგროვებელი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია ნარჩენების შეგროვებაზე, მათ შორის წინასწარ დახარისხებასა და წინასწარ შენახვაზე ნარჩენების გადამტვირთავ სადგურამდე ან დამუშავების ობიექტამდე ტრანსპორტირების მიზნით; ლ) სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
