„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“
Article 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს; ბ) მომეტებული ტექნიკური საფრთხე – საფრთხე, რომელსაც შეიცავს სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ობიექტი, ასევე მის შექმნასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პროცესი, რომლის წარმოება, მშენებლობა, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის საფრთხეს და წარმოადგენს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსათვის; გ) ავარია – ობიექტის რღვევა, ნგრევა, აფეთქება ან ემისია, რომელიც იწვევს ადამიანის ინტოქსიკაციას, მისი სიცოცხლის მოსპობას ან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს და მატერიალურ ფასეულობებს; დ) შეუსაბამობა – ობიექტის დაზიანება, ტექნოლოგიური პროცესიდან გადახრა, რომელიც ზრდის საფრთხის რისკს, აგრეთვე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელიც შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას: დ.ა) არაარსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ჩვეულებრივი საქმიანობის შეჩერების გარეშე, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომელიც მხედველობაში უნდა მიიღოს ობიექტის მფლობელმა; დ.ბ) არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სასიცოცხლო საფრთხეს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მისი გამოუსწორებლობა დიდ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს; დ.გ) კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც დიდ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა და რომლის გამოსასწორებლად შეიძლება შეჩერდეს ობიექტის ექსპლუატაცია; ე) ინსპექტირება – ობიექტის საქართველოს კანონმდებლობითა და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირებისა და დოკუმენტური კონტროლის ფორმით, პროფესიული შეფასების საფუძველზე: ე.ა) ტექნიკური ინსპექტირება – საინსპექციო ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ობიექტის ადგილზე შემოწმება; ე.ბ) დოკუმენტური კონტროლი – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით საინსპექციო ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება; ვ) საინსპექციო ორგანო – ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკრედიტებულია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო; ზ) მიმწოდებელი – პროდუქტის ან მომსახურების ბაზარზე განმათავსებელი პირი; თ) ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია – ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია შეიცავს: თ.ა) ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; თ.ბ) ინფორმაციას ობიექტის მფლობელის შესახებ; თ.გ) ინფორმაციას ობიექტის მწარმოებლის/მშენებლის შესახებ; თ.დ) ობიექტის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს; თ.ე) ინფორმაციას ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ; თ.ვ) ინფორმაციას ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ; თ.ზ) ინფორმაციას ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ; თ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სხვა პარამეტრებს; თ.ი) ამ კანონის შესაბამისად სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერს ან შესაბამისი აქტის ნომერს; ი) სამშენებლო საქმიანობა – ობიექტის მშენებლობის, მონტაჟის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროცესი; კ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები; ლ) სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება, რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები; მ) მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას; ნ) საიმედოობა – შენობა-ნაგებობის, მისი საინჟინრო სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში; ო) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც სამუშაოს უკვეთავს სამშენებლო ორგანიზაციას; პ) მენარდე – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს; ჟ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისა, რომელსაც სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოეშვა ნივთით დროებით სარგებლობის უფლება), რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის ამ უფლების რეგისტრაცია არ განუხორციელებია; რ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია; ს) სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით; ტ) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება – სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება; უ) სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას); ფ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა – საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერიტორიები, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა ზონები, სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილია დამატებითი პირობები; ქ) სამშენებლო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველია; ღ) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა – საქართველოს დედაქალაქის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, საკურორტო და სარეკრეაციო ზონების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ის ნაწილები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით; ყ) მითითება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ან სამშენებლო საქმიანობაზე სხვა სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა, განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად; შ) ტექნიკური სერტიფიკატი – საინსპექციო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობას. საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი № 3776 - სსმ I, № 63 , 1 0.11. 2010წ., მუხ. 403 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ. თავი II ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია
