1.საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია: ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის; ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის; დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება; ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, მათ შორის, მსჯავრდებულისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, მათ შორის, მსჯავრდებულისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; ბ) უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში; გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას; დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარებას, რაც გულისხმობს ავტორიზაციის სისტემის, აკრედიტაციის სისტემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის მართვის (უზრუნველყოფის) მექანიზმების ფუნქციონირებას; ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა საერთაშორისო სისტემებში სრულუფლებიან მონაწილეობას; ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში; თ) უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით; ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას; კ) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

