1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია: ა) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას; ბ) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; გ) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს.
2.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება ხორციელდება ავტორიზაციით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ნებაყოფლობითია.
3.რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმა ნ ათლებლო პროგრამები ს გან ხორციელება დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში . სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
4.საქართველოში არსებობს უმაღლესი განათლების სამი საფეხური. საგანმანათლებლო პროგრამები აღწერილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემით.
5.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს.
6.პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შუალედური კვალიფიკაციის მინიჭება დასაშვებია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რომელიც არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ნახევარზე ნაკლები.
7.მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი , ან ხორციელდება დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში , მოიცავს 60 კრედიტს და მისი გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომ ს . კურსდამთავრებულზე გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი. სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს განათლების მაგისტრის 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამით.
8.სამედიცინო, სტომატოლოგიური და ვეტერინარიული განათლება მიიღება ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც სწავლის შედეგებით უთანაბრდება მეორე საფეხურს. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა არის 360-კრედიტიანი, ხოლო დიპლომირებული სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამა – 300-კრედიტიანი.
9.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მეორე საფეხურზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. მიღების წინაპირობაა სამაგისტრო გამოცდები. მიღების დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ . მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს.
10.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მესამე საფეხურზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. მიღების წინაპირობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.
11.ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

