Article 37^2. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე , რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის , თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად .
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეუძლია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს; ბ) უვადოდ შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.
