1.საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი (დასახლებული პუნქტის დასახელება); ბ) შემმოწმებელ პირთა ვინაობა და თანამდებობა; გ) შემოწმების ფორმალური საფუძველი (საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის/მისი მოადგილის ბრძანება ან სასამართლოს გადაწყვეტილება (თარიღი და ნომერი); დ) შემოწმების ვადა და პროგრამა; ე) შესამოწმებელი სუბიექტის ვინაობა (დასახელება), საიდენტიფიკაციო ნომერი, სასამართლო და საგადასახადო რეგისტრაციის თარიღები და ნომრები, სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში); ვ) შესამოწმებელი სუბიექტისათვის მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განმარტებითი ბარათის ჩაბარების ფაქტი (გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას); ზ) შესამოწმებელი სუბიექტის მხრიდან შემოწმების მონაწილე პირთა (დირექტორი (ხელმძღვანელი), ბუღალტერი, აუდიტორი, ადვოკატი და სხვა) ვინაობა და თანამდებობა (გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას); თ) შემოწმების ფაქტობრივი საფუძვლები და მათ დასაბუთება; ი) შემოწმების შედეგების შემოწმების პროგრამის თითოეული პუნქტის მიხედვით – გადასახადის გადამხდელის მიმართ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადის ოდენობა და ჯარიმების გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, აქტის დანართების შინაარსი; კ) ის საკითხები, რომელსაც არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელი (გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას); ლ) მთლიანად გადასახდელი ან მისაღები თანხა – ძირითადი ვალდებულება, ჯარიმა, საურავი.
2.საგადასახადო შემოწმების აქტს ხელს აწერენ: ა) საგადასახადო ორგანოს მხრიდან – საგადასახადო შემოწმების ჯგუფის წევრები; ბ) გადასახადის გადამხდელის მხრიდან: დირექტორი (ხელმძღვანელი), ბუღალტერი, აგრეთვე აუდიტორი და ადვოკატი, თუ ისინი მონაწილეობას იღებდნენ საგადასახადო შემოწმების პროცესში. თუ გადასახადის გადამხდელის მხარემ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე (გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას), აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
3.თუ საგადასახადო შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების ჩატარებას რამდენიმე ეტაპად, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

