საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 184. ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა
1. ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალ, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.
2. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს. ამასთანავე, ამ კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი 100-პროცენტიანი საამორტიზაციო ანარიცხების ნორმების გამოყენებისას, რემონტის ხარჯები გამოიქვითება სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის გაუთვალისწინებლად.
3. იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, ხოლო გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მე-5 ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა ამორტიზაციის ნორმის მიხედვით. ამასთანავე, ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
