საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 215. იურიდიული პირის რეორგანიზაცია
1. რეორგანიზაციის მხარე იურიდიული პირის ან იურიდიულ პირთა მფლობელობაში არსებული ქონებისა და წილის (აქციების) ღირებულება ტოლია ამ ქონებისა და წილის (აქციების) ღირებულებისა რეორგანიზაციის განხორციელების წინ.
2. ქონების ან წილის (აქციების) გადაცემა რეორგანიზაციის მხარე იურიდიულ პირებს შორის, არ ითვლება ქონების რეალიზაციად.
3. რეორგანიზაციის მხარე რეზიდენტ იურიდიულ პირში წილის (აქციების) ნებისმიერი გაცვლა წილზე (აქციებზე) სხვა მსგავს იურიდიულ პირში, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს მოცემული ოპერაციის მხარეს, არ ითვლება წილის (აქციების) რეალიზაციად.
4. წილის (აქციების) ღირებულება, რომელთა გაცვლაც ხდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ტოლია წილის (აქციების) თავდაპირველი ღირებულებისა.
5. წილთა განაწილება იმ იურიდიულ პირში, რომელიც რეორგანიზაციის დამტკიცებული ოპერაციების მხარეა, რაც წარმოშობს მსგავს უფლებას სხვა იურიდიულ პირში, რომელიც ასევე ამ ოპერაციების მხარეა, არ წარმოადგენს დივიდენდს.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული თავდაპირველი წილის (აქციების) ღირებულება ექვემდებარება გასანაწილებელ წილზე (აქციებზე) მიკუთვნებას იმ კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება, როგორც თანაფარდობა გასანაწილებელი წილის (აქციების) ღირებულებასა და თავდაპირველი წილის ღირებულებას შორის განაწილების შემდეგ.
