საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 38. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. 1 1 . არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/ რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს რეგისტრაციის შესახებ განცხადებით განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები/წევრები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ: ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევას; ბ) გასხვისება ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს; გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
3. აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება მის დამფუძნებლებს/წევრებს, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
4. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა/წევრებმა არ განსაზღვრეს მისი ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორებიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი იურიდიული პირი (პირები) არ არსებობს ან ასეთი იურიდიული პირის (პირების) გამოვლენა შეუძლებელია, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ აღნიშნული ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
5. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს (ახორციელებენ) სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №651 - ვებგვერდი, 12.06.2013წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
