საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 51. საგადასახადო ორგანოების უფლებები
1. ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები; ბ) გადასახადის გადამხდელისაგან/საგადასახადო აგენტისაგან ან/და მისი წარმომადგენლისაგან მიიღონ გადასახადების გამოანგარიშებასთან და გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საგადასახადო შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე; გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციების და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, შექმნან საგადასახადო საგუშაგოები, ინვენტარიზაციით მოახდინონ საქონლის მარაგების აღრიცხვა, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების ოდენობა, ჩაატარონ კამერალური, გეგმური და საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები. ინვენტარიზაციის ჩატარების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; დ) საგადასახადო ორგანოში გამოიძახონ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი (მის ნაცვლად შეიძლება მივიდეს მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია); ე) დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ვ) გადასახადის იმ გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ, რომელმაც დაარღვია საგადასახადო კანონმდებლობა, გამოიყენონ სანქციები; ზ) გადასახადის გადამხდელისაგან/საგადასახადო აგენტისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციების სახით დაკისრებული თანხა; თ) საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ; ი) დასაბეგრი ობიექტის სრულად განსაზღვრის მიზნით განახორციელონ გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა; კ) გადასახადების ადმინისტრირების მიზნით მოიწვიონ სპეციალისტები ან ექსპერტები; ლ) სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისაგან უსასყიდლოდ მიიღონ მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით; მ) მოითხოვონ და მიიღონ სააღრიცხვო დოკუმენტაციის ასლი (საჭიროების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ დამოწმებული ასლი); ნ) დააყენონ მრიცხველები ან/და აიღონ მათი მაჩვენებლები, აგრეთვე ამ კოდექსით დადგენილი წესით დალუქონ დოკუმენტები ან სხვა მასალები.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
