Article 5. საქართველოს საბაჟო ორგანო, მისი მიზნები და უფლება-მოვალეობანი
1. საქართველოს საბაჟო ორგანოებია: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ – შემოსავლების სამსახური); ბ) შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი.
2. საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
3. საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) სამართლიანი და თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის მიზნით ზედამხედველობას უწევს საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას; ბ) იცავს საქართველოს ფინანსურ ინტერესებს; გ) კანონიერი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერით იცავს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს არაკეთილსინდისიერი და უკანონო საერთაშორისო ვაჭრობისგან; დ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოს და ადამიანთა უსაფრთხოებას, აგრეთვე გარემოს დაცვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით; ე) ახორციელებს ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს და სანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს; ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს აკეთებს და საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში; ზ) გასცემს ლიცენზიას, ნებართვასა და სერტიფიკატს; თ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნას საბაჟო ლაბორატორია; ი) უზრუნველყოფს ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელებას; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
