1.რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი უფლებამონაცვლე (უფლებამონაცვლეები) ამ მუხლით დადგენილი წესით.
2.რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულება ეკისრება მის უფლებამონაცვლეს (უფლებამონაცვლეებს) მიუხედავად იმისა, რეორგანიზაციის დაწყებამდე იყო თუ არა ცნობილი უფლებამონაცვლისათვის (უფლებამონაცვლეებისათვის) რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტები ან/და გარემოებები. უფლებამონაცვლე (უფლებამონაცვლეები) ვალდებულია რეორგანიზაციის დასრულებამდე გადაიხადოს რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებაზე დარიცხული საურავი და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმები. აღნიშნული დებულებები ვრცელდება იმ რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლეზედაც (უფლებამონაცვლეებზედაც), რომელიც თვითონ იყო აღიარებული სხვა საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლედ (უფლებამონაცვლეებად) და არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ასეთი უფლებამონაცვლეობით წარმოშობილი ვალდებულებები გადასახადებისა და სანქციების თანხების გადახდასთან დაკავშირებით.
3.საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციის დროს ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის (უფლებამონაცვლეების) მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებისას ვადები არ იცვლება.
4.რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის შერწყმისას თითოეულის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება შერწყმის შედეგად შექმნილი საწარმო/ორგანიზაცია.
5.ერთი საწარმოს/ორგანიზაციის მეორე საწარმოსთან/ორგანიზაციასთან მიერთებისას მიერთებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო/ორგანიზაცია, რომელსაც მიუერთდა ეს საწარმო/ორგანიზაცია.
6.საწარმოს/ორგანიზაციის რამდენიმე საწარმოდ/ორგანიზაციად გაყოფისას თავდაპირველი საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლეებად ითვლებიან ასეთი გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები/ორგანიზაციები.
7.რამდენიმე უფლებამონაცვლის არსებობისას რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულებაში თითოეული მათგანის წილი განისაზღვრება გამყოფი ბალანსით ან სხვა გადამცემი აქტით. ახლად წარმოქმნილ საწარმოებს/ორგანიზაციებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების ან მისი შესაბამისი ნაწილის შესრულებისათვის.
8.საწარმოს/ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლისას მისი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება ასეთი რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საწარმო/ორგანიზაცია.
9.საწარმოს / ორგანიზაციის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე საწარმოს / ორგანიზაციის გამოყოფისას გამოყოფილ საწარმოზე ( საწარმოებზე )/ ორგანიზაციაზე ( ორგანიზაციებზე ) ვრცელდება ამ მუხლის მე -6 და მე -7 ნაწილები .
10.საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციამდე ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხას საგადასახადო ორგანო ჩათვლის ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის (უფლებამონაცვლეების) მიერ რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის გადასახდელი სხვა გადასახადების (მათ შორის, სანქციების) ვალდებულებათა ანგარიშში საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნდება უფლებამონაცვლეს (უფლებამონაცვლეებს) ამ კოდექსით დადგენილი წესით (თითოეული მათგანის წილის შესაბამისად). საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344


