1.სამეურვეო საბჭო შედგება 11 წევრისგან – მეურვისგან.
2.საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წარდგინებით, სამს – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, და სამს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
3.მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
4.მეურვის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მეურვის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღეს.
5.მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად არჩეული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თუ მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ვაკანტური რჩება.
