1.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: ა) წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტს და აპარატის დებულებას. რეგლამენტსა და აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მოთხოვნის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს; ბ) ანაწილებს საქმეებს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომისთვის ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს ამ კანონით დადგენილი წესით; გ) წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის კანდიდატურებს; დ) საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს პლენუმს, უძღვება მის სხდომებს, ხელს აწერს პლენუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას, განჩინებას, დასკვნას, საოქმო ჩანაწერსა და სხდომის ოქმს; ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში სტაჟირების გავლის წესს; ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საქმიანობას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის მოხელეებსა და სტაჟიორებს; შრომით ხელშეკრულებებს დებს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებთან; განსაზღვრავს სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას; ვ) განკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს საბიუჯეტო ასიგნებებს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
