1.თუ იმ ადგილებში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტს დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, შეუძლია შემოიღოს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებანი.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილება დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს: ა) გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი; ბ ) დროებით შეასრულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციები; გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე; დ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილას განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4855 -სსმI, № 21 , 18 .
