Article 11. სავალდებულო დაზღვევის განხორციელება
1. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილეობის მსურველი ყველა სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, გაერთიანდეს თანადაზღვევის სისტემაში და თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების პირობებზე თანხმობა წერილობით გამოხატოს.
2. მზღვეველი ვალდებულია ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის განხორციელების დაწყებიდან: ა) 3 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 2 500 000 ლარის ოდენობით; ბ) 6 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 400 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 5 000 000 ლარის ოდენობით; გ) ყოველი 12 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 800 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობით.
