საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
Article 19. კონცესიონერის შერჩევის პროცესის ეტაპები
1. კონცესიონერის შერჩევის პროცესის ძირითადი ეტაპებია: ა) შერჩევის პროცესის გამოცხადება; ბ) შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენა; გ) შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასება; დ) წინადადებების წარსადგენად მიწვევა; ე) შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ წინადადებების წარდგენა; ვ) შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასება; ზ) მოკლე სიის შერჩევა ან/და გამარჯვებული მონაწილის გამოვლენა; თ) შერჩევის პროცესის მონაწილეებთან, მოკლე სიით განსაზღვრულ ან გამარჯვებულ მონაწილესთან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება; ი) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება.
2. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში შესაძლებელია განმარტების ან/და დამატების შეტანა, მათ შორის, შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასების ეტაპზე მათ მიერ წარდგენილი შერჩევის პროცესის განაცხადების გათვალისწინებით.
3. აკრძალულია კონცესიონერის შერჩევის პროცესის ეტაპზე იმ პირის დაშვება, რომელიც ნასამართლევია ტერორიზმის დაფინანსებისათვის, თაღლითობისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის.
