1.საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები შეადგენენ საპენსიო ფონდის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შედგება გენერალური დირექტორისგან, მთავარი საინვესტიციო ოფიცრისგან, მთავარი რისკის ოფიცრისა და შიდა აუდიტის უფროსისგან. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს აგრეთვე სხვა მიმართულებების აღმასრულებელი დირექტორები. ამ შემთხვევაში მათზე გავრცელდება აღმასრულებელი დირექტორებისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და, ამავე კანონიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები.
2.მმართველობითი საბჭო ღია კონკურსით არჩევს და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს, აგრეთვე ეროვნული ბანკისთვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ თანამდებობებიდან ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორებს.
3.მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშნოს თავისი პროფესიონალი წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი. მმართველობითი საბჭოს მიერ დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი იმავდროულად შეიძლება იყოს საპენსიო ფონდის კომიტეტის წევრი. მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ან კომიტეტის წევრი. აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობა ანაზღაურებადი საქმიანობაა. თუ ამ პუნქტის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს წევრი იმავდროულად აღმასრულებელი დირექტორია, მას მიეცემა შესაბამისი დამატებითი ანაზღაურება.
4.საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (მოადგილე). საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის (მოადგილის) დანიშვნის წესი დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.
5.საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობებზე პირთა დანიშვნისთვის საჭირო განათლებისა და სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმებს, აგრეთვე მათი შესაფერისობის სხვა მოთხოვნებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.




