Article 9. მმართველობითი საბჭო
1. მმართველობითი საბჭო არის საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც შედგება არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრისგან.
2. მმართველობითი საბჭო შედგება პროფესიონალი წევრებისა და თანამდებობრივი წევრებისგან. მმართველობით საბჭოში არაუმეტეს 10 წევრის არსებობის შემთხვევაში 1 წევრი თანამდებობრივი წევრია, ხოლო 10 წევრზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს 2 თანამდებობრივი წევრი. თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი.
3. ამ კანონის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს ირჩევს შესარჩევი კომისია, რომელიც მათ დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის ახალი პროფესიონალი წევრი დანიშნული არ იქნება, მმართველობითი საბჭოს მოქმედი პროფესიონალი წევრი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ახალი პროფესიონალი წევრის დანიშვნამდე.
4. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც სულ მცირე აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება. მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, შესაბამის თანამდებობებზე ასარჩევ პირთა შერჩევის წესი და პროცედურა, მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები, აგრეთვე მათი შესაფერისობის სხვა მოთხოვნები, მათ შორის, მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრების დანიშვნის წესი და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები და პოლიტიკა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ დადგენილებით გათვალისწინებული უნდა იყოს საპენსიო ფონდის საჭიროებები.
