For information only — not legal advice.
1. რეექსპორტი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.
2. უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საბაჟო ორგანოს წარედგინება რეექსპორტის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონელი გადაადგილდება უცხო ქვეყნებს შორის ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით; ბ) საქონელი თავისუფალი ზონიდან პირდაპირ რეექსპორტირდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ; გ) დროებით შენახული საქონელი დასაწყობების ადგილიდან პირდაპირ გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
3. თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება, ეს საქონელი შეიძლება რეექსპორტს დაექვემდებაროს. ამ შემთხვევაში: ა) თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი ოდენობის რეექსპორტი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი; ბ) თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილის რეექსპორტი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში სათანადო ცვლილება შეიტანება და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტისთვის განკუთვნილ ნაწილს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახდელის თანხა (გარდა იმ თანხისა, რომელზედაც პირს მიღებული აქვს ჩათვლა) დაბრუნებას ან მომავალ საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება; ბ) საბაჟო ორგანო დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე აძლევს უფლებას, საქონელი მოაქციოს შიდა გადამუშავების პროცედურაში (მათ შორის, განადგურების მიზნით) ან ტრანზიტის, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ზონის პროცედურაში.
5. რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
6. ამ კოდექსის 82-ე−101-ე მუხლები ვრცელდება რეექსპორტის დეკლარაციაზე. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი