For information only — not legal advice.
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსპორტის პროცედურა საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით), რა დროსაც ხორციელდება ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები.
2. საქართველოს საქონელი, რომელიც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, უნდა მოექცეს ექსპორტის პროცედურაში, გარდა: ა) გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისა; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქონლისა, რომელიც გატანამდე მოქცეული იყო მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში; გ) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საქონლისა, რომელიც გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზისგან, ამასთანავე, ასეთი მიწოდებისთვის ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგება.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ვრცელდება ექსპორტის საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობები.
4. საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის გარეშე ექსპორტის პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს ამ საქონლის გასხვისების დოკუმენტს.
5. შემთხვევები და პირობები, როდესაც ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება საქართველოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ წარმოიშობა, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი