Article 180. საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების არსი და ტერმინთა განმარტება
1. ეს წიგნი ადგენს საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევებსა და პირობებს.
2. ამ წიგნის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირადი საკუთრება − ნებისმიერი ნივთი, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისთვის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის. პირადი საკუთრების მახასიათებლები ან ოდენობა არ უნდა მიანიშნებდეს მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე. პირად საკუთრებას განეკუთვნება: ა.ა) საყოფაცხოვრებო ნივთი; ა.ბ) ველოსიპედი, პირის პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, კერძოდ, მოტოციკლი და მისი მისაბმელი, დასვენებისთვის გამიზნული ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალება, იახტა, თვითმფრინავი და სხვა; ა.გ) ჩვეულებრივი საოჯახო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შინაური და საუნაგირე ცხოველები, გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტი, რომელიც პირის მიერ მის ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლადაა საჭირო; ბ) საყოფაცხოვრებო ნივთი − პირადი მოხმარების საგანი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების თეთრეული, ავეჯი, აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისთვის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის; გ) ალკოჰოლიანი ნაწარმი − საქონელი (ლუდი, ღვინო, ღვინისგან ან ალკოჰოლისგან დამზადებული აპერიტივი, ბრენდი, ლიქიორი ან სპირტიანი სასმელი და სხვა), რომელიც სეს ესნ-ის 2203–2208 სასაქონლო პოზიციებშია კლასიფიცირებული; დ) შეღავათი − ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლება.
