Article 181. საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას პირის მიერ პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა
1. ფიზიკური პირის უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას მის მიერ პირადი საკუთრების შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან ამ მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ პირად საკუთრებაზე, რომელიც: ა) პირის მიერ უცხო ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილის დატოვების მომენტამდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში იყო მის სარგებლობაში. ეს პირობა არ ვრცელდება სახარჯ საქონელზე; ბ) პირის ახალ საცხოვრებელ ადგილზე იმავე მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ პირზე, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ ცხოვრობდა სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში.
4. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი, თუ დადგინდა, რომ პირს განზრახული ჰქონდა ეცხოვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება: ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე; ბ) თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე; გ) სამეწარმეო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებაზე; დ) ნივთზე, რომელიც საჭიროა ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად, გარდა გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტისა.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ პირად საკუთრებაზე, რომელიც პირმა თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა მისი საცხოვრებელ ადგილზე დაფუძნებიდან (ცხოვრების უფლების მოპოვებიდან) 12 თვის განმავლობაში.
7. პირადი საკუთრება თავისუფალ მიმოქცევაში შეიძლება გაშვებულ იქნეს რამდენიმე სასაქონლო პარტიად ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.
8. დაუშვებელია თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შეღავათით შემოტანილი პირადი საკუთრების შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მისი უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა.
9. შეღავათით შემოტანილი პირადი საკუთრების ამ მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული პირადი საკუთრების უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, პირადი საკუთრების სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ შეღავათით შემოტანილი პირადი საკუთრების უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება ამ საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
