Article 198. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა
1. მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (შემდგომ − უსინათლო პირი) განათლებისთვის ან სამეცნიერო ან კულტურული განვითარებისთვის სპეციალურად დამზადებული საქონლის შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან, თუ ის შემოტანილია: ა) უსინათლო პირის მიერ პირადი მოხმარებისთვის; ბ) იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ, რომელიც უსინათლო პირს განათლებას აძლევს ან დახმარებას უწევს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმავე ნაწილით გათვალისწინებული საქონლისთვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, აღნიშნული საქონლის ტექნიკური მომსახურებისთვის, კონტროლისთვის, დაკალიბრებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ ის შემოიტანება იმ საქონელთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი საქონლისთვის განკუთვნილი ან იმ საქონლისთვის განკუთვნილი, რომელიც სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე ან ინსტრუმენტზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში შესაძლებელია გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, გარდა უსინათლო პირისა, განათლებისთვის, მისთვის სამუშაო პირობების შექმნისთვის ან მისი სოციალური ადაპტაციისთვის სპეციალურად დამზადებული საქონელი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან, თუ ის შემოტანილია: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ პირადი მოხმარებისთვის; ბ) იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ, რომლის ძირითადი საქმიანობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განათლების მიცემა ან დახმარების გაწევა.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმავე ნაწილით გათვალისწინებული საქონლისთვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, აღნიშნული საქონლის ტექნიკური მომსახურებისთვის, კონტროლისთვის, დაკალიბრებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ ის შემოიტანება იმ საქონელთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი საქონლისთვის განკუთვნილი ან იმ საქონლისთვის განკუთვნილი, რომელიც სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე, აქსესუარზე ან ინსტრუმენტზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში შესაძლებელია გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან.
5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საქონელზე არ გაავრცელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, თუ დადგინდა, რომ აღნიშნული საქონლის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება საქართველოს სამრეწველო ინტერესებს წარმოების კონკრეტულ სექტორში ზიანს მიაყენებს.
6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი უსინათლო პირის ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილ ნივთზე ვრცელდება, თუ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს პირი მიჩნეული იქნება ასეთი შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე უსინათლო პირად ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად.
7. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე შეღავათით შემოტანილი საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
