Article 51. ბავშვის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა
1. ბავშვის სოციალური ინკლუზიის პროგრამა ითვალისწინებს თანასწორი მოპყრობის საფუძველზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა ბავშვის თანაბარი მონაწილეობის მხარდაჭერას, მათ შორის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სპორტული, კულტურული და პროფესიული ორიენტაციის ღონისძიებებით. სოციალური ინკლუზიის მიზანია, აღიაროს, რომ ყველა ბავშვი ღირებული და მნიშვნელოვანია, ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა, შესაძლებლობა და მონაწილეობის უფლება უთანასწორო მოპყრობისა და ბარიერების გარეშე.
2. ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, ორიენტირებული უნდა იყოს ბავშვის მონაწილეობის, მრავალფეროვანი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების, არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ხელშეწყობაზე.
3. ბავშვის სოციალური ინკლუზიის სახელმწიფო პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.
4. მუნიციპალიტეტი ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
5. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამის ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ბავშვის უფლებათა კოდექსი
