ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 1. კანონის მოქმედების სფერო და მიზანი
1. ეს კანონი ადგენს ელექტროენერგეტიკის სექტორში წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის და ბუნებრივი გაზის სექტორში გადაცემის, განაწილების, მიწოდების, შენახვისა და ვაჭრობის ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს გამართული, გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის ბაზრების შექმნის, გახსნის, განვითარებისა და ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით.
2. ეს კანონი აწესრიგებს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მართვასა და ორგანიზებასთან, რეგულირებასთან, მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე თავისუფალ დაშვებასა და ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე ადგენს ტენდერის გამოცხადებასა და ენერგეტიკული საქმიანობის ავტორიზაციასთან, ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებასა და მათზე დაშვებასთან, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საჯარო მომსახურებასთან, მომხმარებელთა უფლებებთან და მათ დაცვასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებსა და პროცედურებს.
3. ეს კანონი ადგენს ზომებს მიწოდების უსაფრთხოების ისეთი დონის დაცვის მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების გამართულად ფუნქციონირებას. ეს კანონი ასევე ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება მიწოდების უსაფრთხოების პოლიტიკა, ბაზრის მონაწილეთა ვალდებულებები და მიწოდების უსაფრთხოების დაცვის პროცედურები, კონკურენტული ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.
