ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 132. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციები
1. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის სამინისტროს კომპეტენცია ამ თავითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
2. სამინისტრო: ა) შეიმუშავებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საგანგებო მდგომარეობისას მოქმედების სტრატეგიას; ბ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის დამუშავება-დახვეწას; გ) აზუსტებს საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს; დ) ამტკიცებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების წესებს, რომლებიც არეგულირებს ენერგეტიკული საწარმოების, ბაზრის მონაწილეების, სისტემით მოსარგებლეებისა და მომხმარებლების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების მინიმალური დონისა და სტანდარტის მიღწევის პროცესში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები უმეტესად უნდა ეფუძნებოდეს საბაზრო მექანიზმებს და ითვალისწინებდეს აღნიშნული მექანიზმების ეკონომიკურ გავლენას, ეფექტიანობას და ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე, გარემოსა და მომხმარებელზე ზემოქმედებას. ნორმებმა არ უნდა დააკისროს ენერგეტიკულ საწარმოებს გაუმართლებელი ტვირთი და არ უნდა იქონიოს უარყოფითი გავლენა ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე.
