ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 163. ცალკეული წყალმომარაგების ტარიფები და მათი დარიცხვის წესი გარდამავალ პერიოდში
1. წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილია 2027 წლის 1 იანვრამდე არ გაითვალისწინოს ამ კანონის 146-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს.
2. წყალმომარაგების სისტემების სრულად მოწესრიგებამდე კომისია უფლებამოსილია გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის წესი სეზონურობის გათვალისწინებით განსხვავებულად განსაზღვროს. მუხლი 164. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფა 1. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებები (შემდგომ – მომსახურება) და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება ეფუძნება ადმინისტრირების ერთიან ინტეგრირებულ და კოორდინირებულ სისტემას (შემდგომ – ადმინისტრირების ერთიანი სისტემა) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.
2. კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს ადმინისტრირების ერთიანი სისტემის გავრცელების არეალს (ტერიტორიულ ფარგლებს) და ამ სისტემით მომსახურების გამწევ პირებს. კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მომსახურების გამწევი ერთ-ერთი პირი (შემდგომ – ადმინისტრატორი) ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით ახორციელებს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირებას.
