Article 4. საინვესტიციო ფონდის არსი
1. საინვესტიციო ფონდი არის კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც ინვესტორებისგან იზიდავს კაპიტალს ამ კაპიტალის განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად ინვესტორების სასარგებლოდ ინვესტირების მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის კოლექტიური საინვესტიციო სქემა არის იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) იურიდიული პირის ან სახელშეკრულებო სქემის მიზანი არ არის ჩვეულებრივი სავაჭრო ან სამრეწველო საქმიანობის განხორციელება; ბ) იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა აერთიანებს ინვესტორებისგან მოზიდულ კაპიტალს მისი ინვესტირების შედეგად ინვესტორებისთვის საერთო მოგების გენერირების მიზნით; გ) იურიდიული პირის ან სახელშეკრულებო სქემის ერთეულის მფლობელებს კოლექტიურად არ აქვთ ყოველდღიური მართვის განხორციელების ან გადაწყვეტილების მიღების უფლება. ერთი ან რამდენიმე (მაგრამ არა ყველა) ერთეულის მფლობელისთვის ყოველდღიური მართვის განხორციელების ან გადაწყვეტილების მიღების უფლების მინიჭება არ ნიშნავს, რომ იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა კოლექტიური საინვესტიციო სქემა არ არის.
3. საინვესტიციო ფონდის აქტივები შესაძლებელია დაიყოს საინვესტიციო პოლიტიკით ან/და სხვა ნიშნით ერთმანეთისგან განსხვავებულ, დამოუკიდებელ საინვესტიციო ნაწილებად, რომლებიც ქვეფონდებად მიიჩნევა. საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი ნორმები აგრეთვე ვრცელდება მათ შესაბამის ქვეფონდებზე, როგორც დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდებზე, ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილებები საინვესტიციო ფონდის ქვეფონდთან, როგორც დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდთან, მიმართებით.
