Article 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაგროვებითი ერთეული − საინვესტიციო ფონდის ერთეული, რომლის მიმართ ხორციელდება მოგების კაპიტალიზაცია და ეს მოგება განაწილებას არ ექვემდებარება; ბ) საშემოსავლო ერთეული − საინვესტიციო ფონდის ერთეული, რომლის კუთვნილი მოგება პერიოდულად ნაწილდება და ამ მოგების კაპიტალიზაცია არ ხორციელდება; გ) ერთეული − ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არის აქცია/წილი საინვესტიციო კომპანიაში ან პაი ერთობლივ საინვესტიციო ფონდში; დ) ერთეულის მფლობელი − პირი, რომელსაც ეკუთვნის ერთეული (ერთეულები) საინვესტიციო ფონდში; ე) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტი − ლიკვიდური ინსტრუმენტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ფულად ბაზარზე გამოიყენება და რომელთა ზუსტი ღირებულების დადგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მათ შორის, სახაზინო ობლიგაციები და სადეპოზიტო სერტიფიკატები, გარდა საგადახდო ინსტრუმენტებისა; ვ) პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ერთობლივი საინვესტიციო ფონდი), რომელიც იურიდიული პირი არ არის; ზ) ფილიალი − აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლობა, რომელსაც იურიდიული პირის სტატუსი არ გააჩნია და რომელიც თავის საქმიანობას აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს; თ) კონტროლი − მშობელ და შვილობილ საწარმოებს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე მსგავსი ურთიერთობა ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო აგრეთვე ითვლება ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ; ი) მჭიდრო კავშირი − ორი ან ორზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის კავშირი: ი.ა) წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 20 პროცენტის ან მეტის ფლობას პირდაპირ ან კონტროლის მეშვეობით; ი.ბ) კონტროლის მეშვეობით; ი.გ) ერთსა და იმავე პირთან მუდმივად არსებული კონტროლის მეშვეობით; კ) მნიშვნელოვანი წილი − საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 10 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად საწარმოს კაპიტალში წილის ან ხმის უფლების ოდენობისა; ლ) საზედამხედველო ორგანო − საქართველოს ეროვნული ბანკი; მ) უცხოური საზედამხედველო ორგანო − ორგანო, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უფლებამოსილია გასცეს საინვესტიციო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ნებართვა და ზედამხედველობა გაუწიოს მათ საქმიანობას; ნ) საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი – საინვესტიციო ფონდი, რომელიც ავტორიზებული ან რეგისტრირებულია ამ კანონის შესაბამისად; ო) საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანია − აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც ლიცენზირებული ან რეგისტრირებულია ამ კანონის შესაბამისად; პ) საინვესტიციო ფონდი − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდი; ჟ) დახურული საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელსაც არ შეუძლია უწყვეტად გამოუშვას ერთეულები და რომლის ერთეულის მფლობელებს არა აქვთ უფლება, საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციამდე მოითხოვონ საკუთარი ერთეულის (ერთეულების) გამოსყიდვა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; რ) ღია საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელსაც შეუძლია უწყვეტად გამოუშვას ერთეულები და რომლის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ საკუთარი ერთეულის (ერთეულების) გამოსყიდვა პირდაპირ ან არაპირდაპირ საინვესტიციო ფონდის აქტივებიდან, სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად; ს) ინტერვალური საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელსაც შეუძლია გამოუშვას ერთეულები სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურითა და სიხშირით, მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ, და რომლის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ საკუთარი ერთეულის (ერთეულების) გამოსყიდვა პირდაპირ ან არაპირდაპირ საინვესტიციო ფონდის აქტივებიდან სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურითა და სიხშირით, მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ; ტ) პროსპექტი − ემისიის პროსპექტი, რომელიც შედგენილია ამ კანონის 66-ე მუხლის შესაბამისად და რომელშიც ასახულია საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულების შესახებ დეტალური ინფორმაცია; უ) ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია − დოკუმენტი, რომელიც შედგენილია ამ კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად და რომელშიც ასახულია საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულების შესახებ საკვანძო ინფორმაცია; ფ) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი − საზედამხედველო ორგანოს მიერ ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდი ან გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი), რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჯარო შეთავაზება; ქ) უცხოური საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაფუძნებულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად; ღ) აღიარებული საინვესტიციო ფონდი − საზედამხედველო ორგანოს მიერ აღიარებული უცხოური საინვესტიციო ფონდი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოში საჯარო შეთავაზება; ყ) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი − საზედამხედველო ორგანოს მიერ რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება; შ) შეთავაზება − საინვესტიციო ფონდის ერთეულების გასხვისების ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი მცდელობა აქტივების მმართველი კომპანიის ინიციატივით ან მისი სახელით იმ საინვესტიციო ფონდის ერთეულებთან მიმართებით, რომელსაც იგი მართავს, ან საინვესტიციო კომპანიის ინიციატივით ან მისი სახელით საკუთარ ერთეულებთან მიმართებით; ჩ) საჯარო შეთავაზება − 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის ან წინასწარ განუსაზღვრელი რაოდენობის პირებისთვის საინვესტიციო ფონდის ერთეულების შეთავაზება; ც) კერძო შეთავაზება − საინვესტიციო ფონდის ერთეულების ნებისმიერი ისეთი შეთავაზება, რომელიც საჯარო შეთავაზება არ არის; ძ) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი − საზედამხედველო ორგანოს მიერ ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (გარდა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდისა), რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჯარო შეთავაზება; წ) ქოლგისებრი ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაყოფილია რამდენიმე დამოუკიდებელ ქვეფონდად; ჭ) ქვეფონდი − ქოლგისებრი ფონდის დამოუკიდებელი ნაწილი, რომელთან დაკავშირებითაც კაპიტალის მოზიდვა, მართვა და აღრიცხვა ხორციელდება დამოუკიდებლად; ხ) დამოუკიდებელი ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელიც ქოლგისებრი ფონდი ან ქვეფონდი არ არის; ჯ) მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდი (შემდგომ − UCITS) − ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებული ღია საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთადერთი მიზანია საჯარო შეთავაზების საფუძველზე მოზიდული კაპიტალის კოლექტიური ინვესტირება ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან ლიკვიდობის მქონე სხვა ფინანსურ აქტივებში და რომელიც რისკის დივერსიფიკაციის პრინციპის საფუძველზე მოქმედებს; ჰ) აქტივების მმართველი კომპანია − იურიდიული პირი, რომელიც საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვას (კოლექტიური პორტფელის მართვას) ახორციელებს; ჰ 1 ) ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია − აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საზედამხედველო ორგანოს მიერ ლიცენზირებულია საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვის მიზნით; ჰ 2 ) რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია − აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საზედამხედველო ორგანოს მიერ რეგისტრირებულია რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვის მიზნით; ჰ 3 ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანია − აქტივების მმართველი კომპანია, რომელზედაც უცხოურმა საზედამხედველო ორგანომ გასცა საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვის საქმიანობის ნებართვა; ჰ 4 ) აღიარებული აქტივების მმართველი კომპანია − უცხოური აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საზედამხედველო ორგანომ აღიარა საქართველოში ავტორიზებული ან/და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვის მიზნით; ჰ 5 ) საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვა (კოლექტიური პორტფელის მართვა) − ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციებიდან სულ მცირე ერთი ფუნქციის შესრულება; ჰ 6 ) ერთობლივი საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს, როგორც სახელშეკრულებო სქემა, იურიდიული პირის შეუქმნელად; ჰ 7 ) საინვესტიციო კომპანია − საინვესტიციო ფონდი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს, როგორც იურიდიული პირი; ჰ 8 ) შერწყმა: ჰ 8 .ა) ერთი ან ერთზე მეტი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის (გადამცემი საინვესტიციო ფონდის) მიერ, რომელიც (რომლებიც) არსებობას ლიკვიდაციის გარეშე წყვეტს (წყვეტენ), ყველა აქტივისა და ვალდებულების სხვა არსებული ფონდისთვის ან ქვეფონდისთვის (მიმღები საინვესტიციო ფონდისთვის) გადაცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულის მფლობელებზე მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულებისა და შესაბამის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურების გაცემის სანაცვლოდ; ჰ 8 .ბ) ორი ან ორზე მეტი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის (გადამცემი საინვესტიციო ფონდების) მიერ, რომლებიც არსებობას ლიკვიდაციის გარეშე წყვეტენ, ყველა აქტივისა და ვალდებულების მათ მიერ ახლად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდისთვის ან მისი ქვეფონდისთვის (მიმღები საინვესტიციო ფონდისთვის) გადაცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდების ერთეულის მფლობელებზე მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულებისა და შესაბამის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურების გაცემის სანაცვლოდ; ჰ 8 გ) ერთი ან ერთზე მეტი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის (გადამცემი საინვესტიციო ფონდის) მიერ, რომელიც (რომლებიც) არსებობას ვალდებულებების შესრულებამდე განაგრძობს (განაგრძობენ), იმავე საინვესტიციო ფონდის ქვეფონდისთვის, მის (მათ) მიერ შექმნილი საინვესტიციო ფონდისთვის ან სხვა არსებული საინვესტიციო ფონდისთვის ან ქვეფონდისთვის (მიმღები საინვესტიციო ფონდისთვის) წმინდა აქტივების გადაცემა; ჰ 9 ) სადამფუძნებლო დოკუმენტი − ერთობლივი საინვესტიციო ფონდის წესები ან საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმება; ჰ 10 ) სპეციალიზებული დეპოზიტარი − იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად ასრულებს საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს; ჰ 11 ) ჰოლდინგური კომპანია − ერთ ან რამდენიმე სხვა კომპანიაში წილის მფლობელი კომპანია, რომლის კომერციული მიზანია ბიზნესსტრატეგიის (ბიზნესსტრატეგიების) განხორციელება მასთან დაკავშირებული კომპანიების ან შვილობილი კომპანიების მეშვეობით ან წილობრივი მონაწილეობით, რათა გაზარდოს მათი ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში, და რომელიც ამავდროულად აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ჰ 11 ა) ეს კომპანია მოქმედებს საკუთარი ინტერესებისთვის და მისი აქციები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე; ჰ 11 ბ) ამ კომპანიის დაფუძნების ძირითადი მიზანი არ არის ინვესტორებისთვის მოგების გენერირება მასთან დაკავშირებული კომპანიების ან საკუთარი შვილობილი კომპანიების გაყიდვით, რასაც ადასტურებს მისი წლიური ანგარიში ან სხვა ოფიციალური დოკუმენტაცია; ჰ 12 ) აქტივების წმინდა ღირებულება − ღირებულება, რომელიც გამოითვლება გაანგარიშების დროს საინვესტიციო ფონდის (ქვეფონდის) აქტივების საერთო ღირებულებისთვის ამ საინვესტიციო ფონდის (ქვეფონდის) ვალდებულებების ჯამური ოდენობის გამოკლებით; ჰ 13 ) ერთეულის წმინდა ღირებულება − ღირებულება, რომელიც გამოითვლება საინვესტიციო ფონდის (ან ქვეფონდის) აქტივების წმინდა ღირებულების ამ ღირებულების გაანგარიშების დროს გამოშვებული ერთეულების რაოდენობაზე გაყოფით. თუ საინვესტიციო ფონდს გამოშვებული აქვს რამდენიმე კლასის ერთეული, სხვადასხვა კლასის ერთეულების წმინდა ღირებულება შეიძლება იყოს განსხვავებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი წესების შესაბამისად; ჰ 14 ) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი − ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული ინვესტორი; ჰ 15 ) გათვითცნობიერებული ინვესტორი − ნებისმიერი პირი, რომელიც არის გათვითცნობიერებული ინვესტორი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ჰ 16 ) ხანგრძლივი მატარებელი − ნებისმიერი ინსტრუმენტი (მათ შორის, ელექტრონული), რომელიც ინვესტორს საშუალებას აძლევს, პირადად მისთვის მიწოდებული ინფორმაცია მისი გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში შეინახოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უცვლელად რეპროდუცირების შესაძლებლობა; ჰ 17 ) მმართველი ორგანო − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მმართველი ორგანო; ჰ 18 ) გამოსყიდვა − ერთეულების გამოსყიდვა მათი გაუქმებით, ხოლო სააქციო საზოგადოების ფორმით დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში − აგრეთვე ერთეულების (აქციების) შესყიდვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში; ჰ 19 ) ინვესტორი − საინვესტიციო ფონდის ერთეულის (ერთეულების) არსებული ან პოტენციური მფლობელი; ჰ 2 0 ) ინვესტორი ფონდი − საინვესტიციო ფონდი ან მისი ქვეფონდი, რომელიც საკუთარი აქტივების სულ მცირე 85 პროცენტის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს სხვა საინვესტიციო ფონდში ან მის ქვეფონდში (ინვესტიციის მიმღებ ფონდში); ჰ 2 1 ) ინვესტიციების მიმღები ფონდი − საინვესტიციო ფონდი ან მისი ქვეფონდი, რომელშიც ამ პუნქტის „ჰ 20 “ ქვეპუნქტის შესაბამისად ინვესტიციას ახორციელებს სხვა საინვესტიციო ფონდი ან მისი ქვეფონდი; ჰ 2 2 ) რეორგანიზაცია − საწარმოს რეორგანიზაცია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ჰ 23 ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული − „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული; ჰ 24 ) ფინანსური ინსტრუმენტი − ფინანსურ ინსტრუმენტებს (გარდა საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გამონაკლისებისა) მიეკუთვნება შემდეგი უფლებები ან/და ხელშეკრულებები: ჰ 24 .ა) ფასიანი ქაღალდები; ჰ 24 .ბ) ერთეული საინვესტიციო ფონდში; ჰ 24 .გ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტი; ჰ 24 .დ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, საპროცენტო განაკვეთზე მიბმული ფორვარდული გარიგებები და სხვა დერივატივები, რომლებიც ფასიან ქაღალდებს, ვალუტებს, საპროცენტო განაკვეთებს, დერივატივებს, ფინანსურ ინდექსებს ან ფინანსურ ინდიკატორებს უკავშირდება და რომლებზედაც ანგარიშსწორება ხორციელდება საბაზისო აქტივის მიწოდებით ან ფულადი ფორმით; ჰ 24 .ე) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდები და სხვა დერივატივები, რომლებიც საქონელს უკავშირდება და ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებას ითვალისწინებს სავალდებულო წესით ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივის საფუძველზე (გარდა დეფოლტის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევებისა); ჰ 24 .ვ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები და სხვა დერივატივები, რომლებიც საქონელს უკავშირდება და რომლებზედაც ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია საბაზისო აქტივის მიწოდებით, თუ ეს ინსტრუმენტები ივაჭრება საფონდო ბირჟაზე; ჰ 24 .ზ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდები და სხვა დერივატივები (გარდა ამ მუხლის „ჰ 24 .ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსტრუმენტებისა), რომლებიც საქონელს უკავშირდება და რომლებზედაც ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია საბაზისო აქტივის მიწოდებით, თუ ეს ინსტრუმენტები განკუთვნილი არ არის კომერციული მიზნებისთვის და მათ სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მახასიათებლები აქვს; ჰ 24 .თ) საკრედიტო რისკის გადასაცემად განკუთვნილი დერივატივები; ჰ 24 .ი) კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე; ჰ 24 .კ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, საპროცენტო განაკვეთზე მიბმული ფორვარდული გარიგებები და სხვა დერივატივები, რომლებიც უკავშირდება კლიმატურ ცვლადებს, ტვირთის გადაზიდვის ტარიფებს, ინფლაციის მაჩვენებლებს ან სხვა ოფიციალურ ეკონომიკურ სტატისტიკას და ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებას ითვალისწინებს სავალდებულო წესით ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივის საფუძველზე (გარდა დეფოლტის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევებისა). ფინანსურ ინსტრუმენტებს აგრეთვე განეკუთვნება სხვა დერივატივები, რომლებიც იმ აქტივებს, უფლებებს, ვალდებულებებს, ინდექსებსა და ინდიკატორებს უკავშირდება, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ ქვეპუნქტით, თუ ამ ხელშეკრულებებს აქვს სხვა ფინანსური დერივატივების მახასიათებლები, მათ შორის, იმის მიხედვით, ივაჭრება თუ არა ისინი საფონდო ბირჟაზე; ჰ 25 ) მარეგისტრირებელი ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ჰ 26 ) მართვის ადგილი − იურიდიული პირის შემთხვევაში − ადგილი, სადაც მმართველი ორგანო ფაქტობრივად ასრულებს მმართველობით ფუნქციას, ხოლო იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში − მისი საქმიანობის ადგილი; ჰ 27 ) ნომინალური მფლობელი − ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, რომელსაც ერთეულის მფლობელი ან სხვა ნომინალური მფლობელი წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ერთეული (ერთეულები) ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს ერთეულის მფლობელთა რეესტრში ან სხვა ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში და ერთეულის მფლობელის ან სხვა ნომინალური მფლობელის სასარგებლოდ ჩაერთოს ამ ერთეულთან (ერთეულებთან) დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში.
