Article 100. გაკოტრების მმართველის უფლებები და მოვალეობები
1. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.
2. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.
3. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით: ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას; ბ) აწარმოოს დავები; გ) განახორციელოს შეცილება; დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა; ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება; ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები; ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება; თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
4. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
5. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
