მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Article 42. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის.
2. დაუშვებელია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ისეთი მოთხოვნების ჩართვა, რაც კანონმდებლობით არ არის დადგენილი.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც დაგეგმილი მშენებლობის გამო აუცილებელია არსებული ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ასევე არსებული სატრანსპორტო ხაზების გაფართოება, ან ახალი საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და ხაზების გაყვანა, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება დამკვეთსა და ამ ქსელებისა და ხაზების მფლობელებს შორის. ხელშეკრულებაში უნდა იყოს დაკონკრეტებული როგორც საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ისე სატრანსპორტო ხაზების მშენებლობის დაფინანსების საკითხები, ასევე მათი შემდგომი გამოყენება და საკუთრების უფლებები (მშენებლობის დასრულების შემდეგ).
4. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არ უნდა მოიცავდეს მოთხოვნას, რომ დამკვეთმა შეაკეთოს, ან რეკონსტრუქცია გაუკეთოს არსებულ ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებს, ასევე არსებულ სატრანსპორტო ხაზებს, თუ განზრახული მშენებლობა არ იწვევს მათი გაფართოების აუცილებლობას ან/და დაზიანებას.
