1.მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრისას თავდაპირველად უნდა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა.
2.თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შესაძლებელია გონივრულ ვადაში და აღნიშნული არათანაზომიერ ხარჯებს არ მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ვალდებულება.
3.თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის ვალდებულება.
4.თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება.
5.თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა სააგენტოს წერილობით წარუდგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ; ბ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღისა სააგენტოს ამ მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული ამ გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა.
6.მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი უნდა შეიცავდეს აგრეთვე ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების იმავე პუნქტებით დადგენილი რიგითობის დასაბუთებას.
7.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დეპარტამენტის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა სააგენტოს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის დასაბუთება, რაც გულისხმობს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას.
8.ამ მუხლის მე-5, მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ ასრულებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.
9.გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსა და გარემოსდაცვით პროგრამაში არსებული თანხების/ასიგნებების ფარგლებში ამ ღონისძიებებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის შესახებ. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსა და ამ ღონისძიებებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის თაობაზე.
10.მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა. მუხლი 9. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრა 1. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრისთვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია (შემდგომ − სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისია).
2.სააგენტო ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ სააგენტო ეთანხმება აღნიშნულ დასაბუთებას, იგი მას წარუდგენს სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიას, რომელიც განსაზღვრავს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელ სანაცვლო/ადეკვატურ ღონისძიებებს.
3.სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის მიერ განსაზღვრული დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას სააგენტო წარუდგენს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მისი წარდგენიდან 180 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული აღნიშნული გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა.
4.თუ სააგენტო არ ეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას, შესაბამისი უარყოფითი დასკვნა გადაეცემა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი სააგენტოს წარუდგინოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
5.ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.
6.გარემოსდაცვით პროგრამაში შესაბამისი თანხების არსებობის შემთხვევაში გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შესახებ. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.
7.მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა.
8.სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და ამ კომისიის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დგინდება აღნიშნული კომისიის დებულებით, რომელსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.
9.დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს მთავრობა. მუხლი 10. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობა 1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს მისთვის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2.დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ამ ვებგვერდზე განათავსონ ან/და სააგენტოს მატერიალურად წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები/შენიშვნები ამ გეგმის პროექტთან დაკავშირებით. სააგენტო 10 კალენდარული დღის ვადაში იხილავს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს და საჭიროების შემთხვევაში მათ უგზავნის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ამ მოსაზრებების/შენიშვნების მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტში გასათვალისწინებლად.
3.მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმა.
4.თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი არ გაითვალისწინებს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმის დასაბუთება. ეს დასაბუთება განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
5.ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით ან მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანო.
