Article 14. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია
1. რეესტრში რეგისტრირებული, გამოქვეყნებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.
2. მესამე პირთან ურთიერთობაში მეწარმე რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ მათი გამოქვეყნების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეწარმე დაამტკიცებს, რომ მესამე პირისთვის შესაბამისი ფაქტი ან დოკუმენტი ცნობილი იყო.
3. მესამე პირთან იმ ურთიერთობების ფარგლებში, რომლებიც მონაცემების რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წარმოიშვა, დასაშვებია რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირი დაამტკიცებს, რომ მან შესაბამისი ფაქტისა და დოკუმენტის თაობაზე არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა.
4. მესამე პირს უფლება აქვს, დაეყრდნოს იმ მონაცემებს, რომელთა რეგისტრაციისა და გამოქვეყნების პროცედურა არ დასრულებულა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მონაცემები ძალაში შედის მხოლოდ მათი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების შემდეგ.
5. სამეწარმეო საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობაზე დანიშვნისა და მის შესახებ მონაცემთა სათანადო წესით რეგისტრაციისა და გამოქვეყნების შემთხვევაში მესამე პირთან ურთიერთობაში ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებულ ხარვეზზე დაყრდნობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოება დაამტკიცებს, რომ მესამე პირისთვის ეს ხარვეზი ცნობილი იყო.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
