Article 161. საკუთარი აქცია
1. სააქციო საზოგადოებას უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების დაცვით შეიძინოს და გაასხვისოს საკუთარი აქციები.
2. სააქციო საზოგადოებას საკუთარი აქციებიდან აქციონერის უფლებები არ წარმოეშობა. იგივე წესი ვრცელდება მისი შვილობილი საწარმოს კუთვნილი აქციებიდან გამომდინარე ხმის უფლებაზე.
3. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების გამოსყიდვა დასაშვებია შემდეგი პირობების დაცვით: ა) საერთო კრებამ უნდა გასცეს ნებართვა საკუთარი აქციების გამოსყიდვის შესახებ. ამ ნებართვაში უნდა მიეთითოს გამოსასყიდი აქციების მაქსიმალური რაოდენობა, ნებართვის მოქმედების ვადა, რომელიც უნდა იყოს არაუმეტეს 5 წლისა, აგრეთვე აქციების გამოსყიდვის მინიმალური და მაქსიმალური ფასები სასყიდლიანი გამოსყიდვის შემთხვევაში; ბ) საკუთარი აქციების გამოსყიდვამ არ უნდა გამოიწვიოს სააქციო საზოგადოების წმინდა აქტივის შემცირება სააქციო საზოგადოების ბოლო დამტკიცებულ საფინანსო წლის ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ განთავსებული კაპიტალის თანხაზე ნაკლებ ოდენობამდე, აგრეთვე კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ჯამზე ნაკლებ ოდენობამდე, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია; გ) გამოსყიდული უნდა იქნეს მხოლოდ ის აქცია, რომლის შესაბამისი შენატანიც სრულად არის განხორციელებული.
4. სააქციო საზოგადოების მიერ გამოსყიდული საკუთარი აქციების ნომინალური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების 25 პროცენტს. იგივე წესი გამოიყენება ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების მიმართ, თუ აქციის ნომინალური ღირებულება განსაზღვრული არ არის.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკუთარი აქციების გამოსყიდვა დაუშვებელია, თუ ამ აქციების გამოსყიდვის მომენტში სააქციო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან აქციათა გამოსყიდვის შედეგად იგი შეიძლება გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგეს.
6. საკუთარი აქციები, რომლებიც სააქციო საზოგადოებამ განთავსებული კაპიტალის შესამცირებლად შეიძინა ან გამოისყიდა, უნდა გააუქმოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ.
7. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია 1 წლის ვადაში გაასხვისოს გამოსყიდული საკუთარი აქციები. თუ გამოსყიდული აქციები ამ ვადაში არ გასხვისდა, ისინი უნდა გაუქმდეს და განთავსებული კაპიტალი უნდა შემცირდეს.
8. ამ მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე მესამე პირის მიერ აქციის საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების დავალებით შეძენის შემთხვევაზე.
9. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში ამ აქციებიდან გამომდინარე უფლებები ჩერდება.
10. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აისახოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.
11. სააქციო საზოგადოების მიერ უშუალოდ ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მესამე პირის მეშვეობით სააქციო საზოგადოების აქციების უზრუნველყოფის საშუალებად გამოსაყენებლად დაშვებაზე შესაბამის შემთხვევაში ვრცელდება ამ მუხლით საკუთარი აქციების შეძენისთვის დადგენილი წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციებს უზრუნველყოფის საშუალებად იყენებენ კომერციული ბანკები, მიკრობანკები ან სხვა ფინანსური ინსტიტუტები ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
