„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 16. პროგრამის კრედიტორთა წინაშე ემიტენტის / მოვალის ვალდებულებები
1. ემიტენტი ვალდებულია შეასრულოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებები , მიუხედავად იმისა , სრულდება თუ არა უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარე , ემიტენტის წინაშე არსებული მესამე პირთა ვალდებულებები .
2. იპოთეკური ობლიგაციების ძირითადი თანხებისა და პროცენტების დაფარვა ( მათ შორის , ვადამდელი დაფარვა ) უნდა განხორციელდეს იპოთეკური ობლიგაციების ემისიის პირობების შესაბამისად .
3. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს არ აქვთ უფლება , მოითხოვონ იპოთეკური ობლიგაციიდან / რეგისტრირებული დერივატივიდან გამომდინარე ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება იმ საფუძვლით , რომ ემიტენტის მიმართ შემოღებულ იქნა რეზოლუციის რეჟიმი , იგი გახდა გადახდისუუნარო ან / და მის მიმართ დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი . ამ ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება პროგრამის კრედიტორებმა შეიძლება მოითხოვონ მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში : ა ) ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებას ითვალისწინებს იპოთეკური ობლიგაციების ემისიის / რეგისტრირებული დერივატივის პირობები და იგი იპოთეკური ობლიგაციიდან / რეგისტრირებული დერივატივიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობასთან ან პროგრამის გადახდისუუნარობის რომელიმე საფუძვლის წარმოშობასთან არის დაკავშირებული ; ბ ) საქართველოს ეროვნულ ბანკს დამტკიცებული აქვს პროგრამის კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ლიკვიდაციის შესახებ .
4. ეს მუხლი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების პროგრამის კრედიტორის წინაშე არსებულ მოვალის ვალდებულებაზე .
