„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) იპოთეკური ობლიგაცია − კომერციული ბანკის ( მათ შორის , რეფინანსირების ბანკის ) მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდი , რომელიც უზრუნველყოფილია ისეთი აქტივებით , რომლებიდანაც იპოთეკური ობლიგაციის მფლობელებს , როგორც კრედიტორებს , აქვთ უპირატესი და პირდაპირი დაკმაყოფილების უფლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ; ბ ) უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანება − განსაზღვრული უზრუნველყოფის აქტივების ერთობლიობა , რომელიც უზრუნველყოფს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან ან რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში არსებული რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებებს და ემიტენტის / რეფინანსირების ბანკის მოვალის სხვა აქტივებისგან სეგრეგირებულია ; გ ) პროგრამა − ამ კანონით განსაზღვრული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ან რეფინანსირების პროგრამა ; დ ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა − ემიტენტის პროგრამა , რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ემისიის იპოთეკური ობლიგაციებისგან და მათგან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებისგან ; ე ) რეფინანსირების პროგრამა − რეფინანსირების ბანკის მოვალის პროგრამა , რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე რეფინანსირების ინსტრუმენტისგან და მისგან ( მათგან ) გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებისგან ; ვ ) იპოთეკური სესხი − ნებისმიერი მიზნით გაცემული სესხი , რომელიც მოიცავს ძირითად თანხასა და მისგან მისაღებ პროცენტებს ( არსებობის შემთხვევაში ) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად უზრუნველყოფილია უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკით ; ზ ) დამატებითი აქტივი − ამ კანონის მე -3 მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული , უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეტანილი აქტივი , რომელიც მოიცავს ძირითად თანხასა და მისგან მისაღებ პროცენტებს ( არსებობის შემთხვევაში ); თ ) უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბე − პროცენტული მაჩვენებელი , რომელიც გამოითვლება ამ კანონის მე -7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად და რომლითაც უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხებისა და დამატებითი აქტივების ნომინალურ ღირებულებათა ჯამი აჭარბებს იპოთეკური ობლიგაციების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნების / ვალდებულებების გათვალისწინებით ; ი ) დეფოლტი − სახელშეკრულებო გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა / მოსალოდნელი შეუსრულებლობა , რომლის დეფოლტად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმები დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ; კ ) უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება − თანხა , რომლის სანაცვლოდ , შეფასების მომენტისთვის , გონივრულად მოსალოდნელია უძრავი ქონების გაშლილი მკლავის პრინციპის დაცვით დადებული გარიგების საფუძველზე გასხვისება , თუ გარიგების მხარეები გააზრებულად , წინდახედულად და იძულების გარეშე იმოქმედებენ ; ლ ) ემიტენტი – კომერციული ბანკი ( მათ შორის , რეფინანსირების ბანკი ), რომელსაც შეუძლია იპოთეკური ობლიგაციების გამოშვება ამ კანონის შესაბამისად ; მ ) რეფინანსირების ბანკის მოვალე ( მოვალე ) − ფინანსური ინსტიტუტი , რომელსაც რეფინანსირების ინსტრუმენტის საშუალებით რეფინანსირების ბანკის მიმართ ნაკისრი აქვს ფულადი ვალდებულება ; ნ ) რეფინანსირების ბანკი − კომერციული ბანკი , რომელიც უშვებს რეფინანსირების ინსტრუმენტიდან ( ინსტრუმენტებიდან ) გამომდინარე მოთხოვნებით უზრუნველყოფილ იპოთეკურ ობლიგაციებს ამ კანონის შესაბამისად ; ო ) კომერციული ბანკი – „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი ; პ ) საცხოვრებელი უძრავი ქონება − საცხოვრებელი სადგომი , რომელიც მესაკუთრის ან მოსარგებლის მფლობელობაშია ; ჟ ) საზოგადოებრივი დაინტერესების პირი − „ ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირი ; რ ) სპეციალური მმართველი −„ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის 37- ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური მმართველი ; ს ) წმინდა ფულადი ლიკვიდურობის გადინება − შესაბამის თარიღზე ვადამოსული , იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ან რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში წარმოშობილი ყველა გადახდის ვალდებულება , ძირითადი თანხისა და პროცენტის , აგრეთვე დერივატივებიდან გამომდინარე გადასახდელების ჩათვლით , იმავე თარიღზე უზრუნველყოფის აქტივებიდან მისაღები გადახდების გამოკლებით ; ტ ) პროგრამის კრედიტორი − იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორი ან რეფინანსირების პროგრამის კრედიტორი ; უ ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორი − იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციის მფლობელი , იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაში შემავალი რეგისტრირებული დერივატივის ხელშეკრულების მხარე , პროგრამის ადმინისტრატორის მიერ დადებული ხელშეკრულების მხარე ; ფ ) რეფინანსირების პროგრამის კრედიტორი − რეფინანსირების ბანკი რეფინანსირების ინსტრუმენტთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში , რეფინანსირების პროგრამაში შემავალი რეგისტრირებული დერივატივის ხელშეკრულების მხარე , პროგრამის ადმინისტრატორის მიერ დადებული ხელშეკრულების მხარე ; ქ ) რეგისტრირებული დერივატივის ხელშეკრულება − ამ კანონის მე -3 მუხლის მე -8 პუნქტით გათვალისწინებული დერივატივის ხელშეკრულება , რომელიც რეგისტრირებულია უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში ; ღ ) პროგრამის ადმინისტრატორი ( ადმინისტრატორი ) – ამ კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ადმინისტრატორი , რეფინანსირების პროგრამის ადმინისტრატორი ამავე კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ; ყ ) უზრუნველყოფის აქტივი − ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტით ან მე -5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივი , რომელიც შეტანილია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ; შ ) რეფინანსირების ინსტრუმენტი − ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტი ან / და ხელშეკრულება , რომლის საშუალებითაც რეფინანსირების ბანკი ახორციელებს ფულადი სახსრების სესხებით ან სხვა ეკვივალენტური საშუალებით რეფინანსირების ბანკის მოვალის დაფინანსებას და რომელსაც რეფინანსირების ბანკი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იყენებს მის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველსაყოფად ; ჩ ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება − ღონისძიება , რომლის მიზანია პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან / და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა , მათ შორის , ნებისმიერი იძულებითი აღსრულების ღონისძიება ( სარჩელისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ჩათვლით ), მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ( საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების , გირავნობისა და იპოთეკის ჩათვლით ), აგრეთვე ამ კანონის შესაბამისად აქტივის გამოყენება პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ; ც ) რეზოლუციის კომიტეტი − „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 16 2 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი ; ძ ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება ( პროგრამის განცალკევება ) − ამ კანონის VI თავით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი , რომლის მიზანია პროგრამის ემიტენტის / რეფინანსირების ბანკის მოვალის სხვა აქტივებისა და ვალდებულებებისგან განცალკევებით მართვა პროგრამის კრედიტორთა ინტერესების დასაცავად ; წ ) საბოლოო ურთიერთგაქვითვა − „ ფინანსური გირავნობის , ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბოლოო ურთიერთგაქვითვა .
